![](/img/lim4.gif)
საქართველოს ბრძოლის ველად ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი განიხილავს, რომელიც ევროპას მოუწოდებს შტატებისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. ტერე ჰელანდი ბრიუსელს ურჩევს, საქართველოში, როგორც საკვანძო ენერგეტიკულ დერეფანში გაიმარჯვოს - სანქციები გაამკაცროს და ხელისუფლება აიძულოს, ახალი არჩევნები ჩაატაროს. "ქართული ოცნებისთვის", ევროპელი პოლიტიკის კონსულტანტის რეკომენდაციები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან ერთად, სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაა.
ამერიკის შეერთებული შტატები რომ ევროპის სანდო პარტნიორი აღარ არის - ამას ამტკიცებს ტერე ჰელანდიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა. სწორედ ამ ღონისძიებაზე გააკრიტიკა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირი. ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი ახლა ევროკავშირს ურჩევს საქართველოს შემთხვევაში იერიშზე გადავიდეს, გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა და ამით მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ევროპას საკუთარ ბრძოლაში ამერიკა არ სჭირდება. პოლიტიკის კონსულტანტი "შეტევის პოლიტიკაში" დიდი ბრიტანეთის როლზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ლონდონს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე ფინანსური დარტყმის მნიშვნელოვანი რესურსი აქვს.
ჰელანდის გეგმას პოლიტიკურ მოცემულობას უწოდებს ოპოზიცია, სადაც მიაჩნიათ , რომ პოლიტიკის კონსულტანტის მოსაზრებები პარტნიორების პოზიციებს ემთხვევა. თუმცა ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩევლის რეკომენდაციები ბრიუსელისთვის გადამწყვეტი ვერ იქნება და ევროპა ამერიკასთან საერთო პოლიტიკურ ენას გამონახავს.
მმართველი გუნდის შეფასებით, ტერე ჰელანდის საჯარო რჩევები ადასტურებს, რომ ევროკავშირი ტრადიციულ ღირებულებებს შორდება და ამაზე უკვე შეერთებული შტატებიც ღიად საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოა, რადგან სანქციების პოლიტიკა საქართველოზე არ მუშაობს.
როგორ უნდა გაიმარჯვოს ევროპამ საქართველოში, როგორც სტრატეგიულ ბრძოლის ველზე - საკუთარი მოსაზრებები კვლევითი ცენტრის კონსულტანტმა სოციალურ ქსელ X-ზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ გამოაქვეყნა .