
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იმ განცხადებებს იხსენებს, რომელსაც მმართველი პარტია ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აკეთებდა. "ქართული ოცნების" გზავნილებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თავის დროზე, ოპონენტების მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ მათი გზავნილები გეოპოლიტიკის სწორი ანალიზით იყო ნაკარნახევი.
უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლის მთავარი მოწოდებაც უკრაინაში ომის არდაშვება იყო, საპარლამენტო უმრავლესობამ 2022 წლის 1 თებერვალს, სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო - ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. პოლიტიკური არქივი მმართველი პარტიის ლიდერების არაერთ განცხადებასაც ინახავს, რომელიც სწორედ უკრაინის ომის თავიდან აცილებას უკავშირდებოდა.
მმართველი გუნდის ლიდერების ამ განცხადებებიდან სამი წლის შემდეგ, უკრაინაში ომის დაწყებაზე თავად უკრაინას საყვედურობს დონალდ ტრამპი. განცხადება ზელენსკის მისამართით ამერიკის პრეზიდენტმა საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების შეფასებისას გააკეთა.
"ქართული ოცნების" ოპონენტები დღეს ამერიკის პრეზიდენტის გზავნილების შეფასებისგან თავს იკავებენ, თუმცა მმართველ გუნდს მსგავსი განცხადებების გამო ისევ აკრიტიკებენ.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციამ თავის დროზე რეზოლუციას მხარი სწორედ იმ მიზეზით არ დაუჭირა, რომ დოკუმენტი რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო, ომის დაწყების დღიდან კი მათი ოპონენტები მოსკოვისთვის ორმაგი სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასაც ითხოვდნენ. უმრავლესობის თქმით, გეოპოლიტიკურმა პროცესებმა და ამერიკის გაცხადებულმა პოლიტიკამ წლების შემდეგ აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" პოზიციას ალტერნატივა არ ჰქონდა.
პარლამენტში მიღებული რეზოლუციის გარდა, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდამჭერი არაერთი საერთაშორისო დოკუმენტის თანაავტორიცაა, მათ შორის, გაეროში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში.