
უკრაინა - რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების პირველი რაუნდის შედეგით ამერიკის შეერთებული შტატები და მოსკოვი კმაყოფილია. ამასთან, ვაშინგტონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს, ხოლო დიალოგის მაგიდასთან ადგილის გარეშე დარჩენილი ევროპა განაწყენებულია.
დიალოგის ორგანიზატორი და ინიციატორი კმაყოფილია - დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინთან თვის ბოლომდე შეხვედრაც დააანონსა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა რუსეთისა და უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებზე. კიდევ ერთხელ თქვა, რომ ომი უნდა დასრულდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპასაც მიმართა და უთხრა, რომ შეუძლიათ უკრაინაში სამშვიდობო ძალები განათავსონ თუმცა, ამერიკა ამას არ გააკეთებს.
დონალდ ტრამპმა ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ირიბად ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკა დაასახელა. თქვა, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო, კიევს კი მისი დასრულება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. პარალელურად, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, სად წავიდა მილიარდები, რომელიც ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად გამოყო. აშშ-ის პრეზიდენტმა არც ის დამალა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკების ერთ-ერთი წინაპირობა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა.
ტრამპის განცხადებებმა კიევში პოლიტიკური ტემპერატურა გაზარდა, მოსკოვში კი ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების მოლოდინი გააჩინა. ვლადიმერ პუტინმა დღეს მედიასთან არაფერი თქვა უკრაინაში ომის დასრულებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ გამართული მოლაპარაკებებით კმაყოფილია.
რუსეთსა და ამერიკას შორის შესაძლო თანამშრომლობამ კიევი შეაშფოთა და დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინამ ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე მშვიდობის გარანტად გამოაცხადა, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის მთავარი სამიზნე იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკა პუტინის მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოყვანაშიც კი დაადანაშაულა. ზელენსკიმ წყენა არც საკუთარ რეიტინგთან დაკავშირებით ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამალა და კიევიდან უპასუხა.
ზელენსკის ეთანხმებიან ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე არავის მიუწვევია. უკმაყოფილებას არ მალავენ და მოლაპარაკებების ალტერნატიულ მაგიდასთან, უკვე მეორედ, პარიზში იკრიბებიან.
სანამ ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე საფრანგეთის დედაქალაქში მსჯელობენ, კიევშია ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი. ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ მაღალჩინოსანთან ერთად ფრონტის ხაზზე ჩასვლასაც გეგმავს. ვითარება კრიტიკულია ქვეყნის დიდ ქალაქებშიც. განგაშის ხმა ისმოდა კიევში; ოდესაში კი, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 250 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა.