
USAID-ი საარჩევნო საგრანტო პროექტებს აჩერებს. NDI, IRI, ISFED-ი - 11 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, არასამთავრობოებს ვეღარ დააფინანსებენ. ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მსოფლიოში ოპერირების კუთხით, პრობლემები შეექმნა. 47-ე პრეზიდენტის გუნდი მიიჩნევს, რომ სააგენტო თანხებს არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერი მოტივებით გასცემდა.
დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შედეგ, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობა სახელმწიფო მდივანმა გადაიბარა. მარკო რუბიო და ილონ მასკი USAID-ის დახურვასაც არ გამორიცხავენ. შეჩერდა თუ არა საქართველოში საარჩევნო პროგრამებზე გრანტების გაცემა? ამ კითხვით "კურიერმა" USAID-ის ქართულ ოფისსაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. მედიასთან არ ჩანან არც დაფინანსების მიმღები NGO-ები. ერთადერთი სატელევიზიო კომენტარი საერთაშორისო მედიასთან ISFED-ის წარმომადგენელმა გააკეთა და USAID-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტას მტკივნეული უწოდა.
NGO-ების დუმილი არ უკვირთ მმართველ გუნდში. პოლიტიკოსებმა დღეს მესამე სექტორი, უცხოური დაფინანსებით, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.
არასამთავრობოების პოზიციის დაცვა, ტრადიციულად ხელისუფლების ოპონენტებს მოუწიათ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ USAID-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა, დროებითი მოვლენაა და სააგენტო საქმიანობას მალე აღადგენს.
დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები - ეს
ის საკითხებია, რომელზეც, ბოლო წლების განმავლობაში, უმრავლესობის აზრით, საქართველოში USAID-ის თანხები იხარჯებოდა. მმართველი გუნდი, დღეს, სააგენტოსთან მიმართებით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას მიესალმება.
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, უკვე რამდენიმე კვირაა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მართავს. ტრამპის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ მასშტაბური კორუფციის გამო, სააგენტო დაიხუროს ან მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ორიენტირდეს.