
თბილისის საქალაქო სასამართლოში, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის სხდომა გაიმართა. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სასამართლოში ჩვენება მისცა გამომძიებელმა.
მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დასაკითხ მოწმეთა სიას 13 პირი დაამატა.
"წარვადგინეთ უამრავი მტკიცებულება სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ ჩაატარა ძალიან კარგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოიკვეთა ყველა პირი, რომელმაც ზესტაფონიდან გაიტაცა საბა სხვიტარიძე. გამოიკვეთა მათი სახელი და გვარები, რომელიც გაჟღერდა და სამომავლოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები დაბარებულები იქნებიან სასამართლოში. ჩვენ აქამდე არ ვიცოდით ამ ადამიანები ვინაობა, ამ ადამიანების ვინაობა დაადგინა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ჩვენ არ გავჩერდებით ამაზე. მათ შორის, დავადგენთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ვინაობასაც, მათაც დავიბარებთ,“ - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.