21 თებერვალი 2025,   18:56
ვრცლად
"საერთაშორისო ფონდებს მრავალი სიკეთე უკეთებია ქართველი ხალხისთვის, "ქართული ოცნება" კი იბრძვის იმისთვის, რომ ამ ადამიანებს იარლიყები მიაწებოს და პროპაგანდისტულად იმუშაოს მათ წინააღმდეგ" - ირაკლი კუპრაძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება", სხვადასხვა კანონის საშუალებით, საზოგადოებას იარლიყებს აწებებს და მათ ხან უსამშობლოებს ეძახის და ხან სამშობლოს გამყიდველებს.

კუპრაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აქცენტი USAID-ზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი დახმარებით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთებულა, მათ შორის ისინი საქართველოში ძალადობის მსხვერპლ ქალებს დახმარებიან, შესაბამისად, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებად ვერ ჩაითვლება.

"გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს ყოფილა დასმული. რატომ იქცევა "ქართული ოცნება" რუსულად?! "დაგუგვლაა" საჭირო და ინტერნეტში მოძიება, რატომ მიიღო თავის დროზე პუტინმა და პუტინის რეჟიმმა ეს კანონი, იმიტომ, რომ ვიღაცებისთვის დაერქმია უცხო ქვეყნის აგენტი, ამიტომ ჰქვია რუსული.

ივანიშვილის კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს არც ამერიკულთან, არც ფარასთან.
ყოველთვის იბრძვიან იმისთვის, რომ იარლიყები მიაწებონ, შემდეგ პროპაგანდისტულად იმუშაონ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც უშრომია ამ ქვეყანაში, საზოგადოების, მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების კეთილდღეობისთვის.

ჩვენ რეგიონებში ხშირად დავდივართ და თითქმის არ არსებობს სოფელი, სადაც არ დაგხვდებათ აბრა, რომ აქ წყალგაყვანილობა გაკეთებულია USAID-ის მხარდაჭერით -  კერძო პატარა ბიზნესები, საოჯახო სასტუმროები, შშმ პირთა თავშესაფრები, ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრები, ბავშვთა პანსიონები, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეებია ნაკეთები.

გამჭვირვალობაზე რომ ყოფილიყო საუბარი ყველა მომხრე ვართ გამჭვირვალობის, მაგრამ საუბარი იყო აგენტის იარლიყზე, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებდა.

თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვენ მეგობრებს, რომლებსაც უმუშავიათ საერთაშორისო ფონდებში და უკეთებიათ სიკეთე ქართველი ხალხისთვის - მას დაარქვა აგენტი, ეს არის აგენტი, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მაშინ, როცა თქვენი მეგობრები, სხვადასხვა ფონდის თანამშრომლები ეხმარებოდნენ საქართველოში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ეს უცხო ქვეყნის გატარებაა ამ ქვეყანაში?! აქ საუბარია იარლიყებზე, ამას ხშირად აკეთებს "ქართული ოცნება", ხან უსამშობლოებს ეძახის მათ და ხან სამშობლოს გამყიდველებს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები