
"ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა", "თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი", იაშა მუნკის ნაშრომის "ხალხი დემოკრატიის წინააღმდეგ" მიხედვით - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელსაც ახალგაზრდები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრენინგების ფარგლებში შეისწავლიან. ორდღიან შეხვედრაზე დასასწრებად, დღეს ახალგაზრდები დედაქალაქში რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ტრენინგის მონაწილეები "კურიერთან" საუბარში ადასტურებენ, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება.
ახალმა ტრენინგმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დღეს ძველი ტრენინგები გაახსენა. მამუკა მდინარაძის თქმით, ასეთი სწავლებების ერთადერთი და რეალური მიზანი, ახალგაზრდების აქციებისა და რევოლუციური სცენარებისთვის მომზადებაა.
ახალგაზრდების დატრენინგებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა თქვა, რომ მსგავსი ტიპის სწავლებას თავადაც დასწრებია.
მმართველ გუნდში ბოლო წლების გამოცდილებას იხსენებენ და ამბობენ, რომ ასეთი ტიპის ტრენინგები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქცენტს აკეთებ დაფინანსებისა და გამჭვირვალობის საკითხებზეც. "ხალხის ძალაში" დარწმუნებული არიან, რომ მალე მსგავსი ტიპის სემინარები ვეღარ დაფინანსდება.
ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან კონრად ადენაუერის ფონდის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიება 21 თებერვალს დასრულდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე