
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა სალიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, პირი მონაწილეობის მიღებაზე უარს განაცხადებს, ან კომისიას ცრუ ჩვენებას მისცემს, პასუხისგებაში მიეცემა.
როგორც სალიამ გადაცემა "ღამის კურიერში" აღნიშნა, კანონი ჯარიმას, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულებას ითვალისწინებს.
"ეს კანონი ახალი მოგონილი არ არის, არსებობს და შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდება, არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას, ან კომისიას მისცემს ცრუ ჩვენებას. კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას და ა.შ. ეს არის კანონი, თუ კანონის არ სრულდება, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კომისიას შეუძლია დაიბაროს პირი. იმ შემთხვევაში, თუ პირი კომისიაზე არ გამოცხადდება, ეს უკვე არ არის კომისიის პრეროგატივა, რაიმე მოქმედება განახორციელოს, ეს უკვე სამართალდამცველი ორგანოების სფეროა და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა სახის სანქციას შეუფარდებენ ამა თუ იმ პირს.
ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავიგოთ, რომ კანონი უნდა შესრულდეს, კანონი უნდა დავიცვათ და თუ კანონს დავარღვევთ მზად უნდა ვუყოთ იმისთვის, რომ პასუხი ვაგოთ", - განაცხადა პაატა სალიამ.