21 თებერვალი 2025,   22:01
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: თორნტონის "ნგრევის ინსტრუქცია" ხელისუფლების დამხობის იდეოლოგიის სასოწარკვეთილი ამოძახილია, რომლის შემოქმედნიც, როგორც უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, ენთუზიაზმით ანგრევენ საზოგადოებებს, სწირავენ სიცოცხლეებს და ჩრდილში იმალებიან

 

მაშინ როდესაც მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ზოგიერთი საერთაშორისო ქსელი აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არეულობის გაღვივებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობების გზით, "მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის, ლორა თორნტონის სტატია ამისი ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ერთი წუთით მისგან „დიქტატურის“, „რეპრესიისა“ და „წამების“ შესახებ წამოსროლილ ცარიელ ბრალდებებს ყურადღებას თუ არ მივაქცევთ, უფრო საინტერესო სურათი გამოჩნდება, რომლის მიღმაც საქართველოს უცხოელი მტერ-მოყვარეების და მათი ადგილობრივი მიმდევრებს კოორდინირებული ქსელი გამოჩდნდება.

პირველი, თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტს“ წარმოადგენს, სადაც დასაქმებულია საქართველოს ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის ხელითაც ამ ქსელს „თვითმარქვია ხელისუფლების“ ალტერნატიულ რეალობის შექმნა სურს;

მეორე, ის მიუთითებს „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა“ (IRI) და „სამართლიან არჩევნებზე“ (ISFED), როგორც „სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებზე“, რათა გაამართლოს თავისი თავდასხვა არჩევნების შედეგებზე, თუმცა, ამავდროულად, მალავს არჩევნებზე დაკვირვების ერთადერთი ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთო/ოდირის ანგარიშს. საინტერესოა, რომ IRI-ს ადგილობრივი ოფისი ფინანსდება ავად სახსენებელი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) მიერ, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. 2020 წლის პარალელური დათვლის დროს ISFED-ის და მისი დამფინანსებელი USAID-ის სიყალბის ისტორია კი უკვე ყველასთვის ცნობილია. ამ ორგანიზაციების რეპუტაციული განულების შედეგიცაა, რომ ამ დღეებში მათ სრულად შეუწყდათ ამერიკული დაფინანსება;

მესამე, ენჯეო-მედიაპლატფორმა Civil. ge, რომელმაც გამოაქვეყნა თორნტონის ისტრუქცია, ასევე, ფინანსდება NED-ის და სხვა ამერიკული წყაროების მიერ, მისი მთავარი რედაქტორი კი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ქართველი პოლიტიკოსის ოჯახის წევრია“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ლორა თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული „მაიდნის“ სულისკვეთებაზე.
„რას ვიღებთ შედეგად? ერთსა და იმავე უცხოური წყაროდან დაფინანსებული ადმიანებისა და ორგანიზაციების ამ ქსელის მეშვეობით თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული „მაიდანის“ სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა და არა „თავისუფლების გლობალური მოწოდება“, როგორც თორნტონი დაჟინებით გვარწმუნებს.

თორნტონის მცდელობა, რომელიც იმედგაცრუებულია ქართული ოპოზიციის უუნარობით, მოახდინოს ამომრჩეველთა ან საპროტესტო მოძრაობის მობილიზება, შეთავაზებაა, გახადოს საქართველო, „ფაქტობრივად, უმართავი, გაფიცვებისა და ბოიკოტების გზით“.
ის, ასევე, ურჩევს საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას „შეეხონ… ქართველების უკმაყოფილების უფრო ღრმა საკითხებსა და ყოველდღიურ, სოციალურ პრობლემებს”.
სწორედ აქ იჩენს თავს სრული მასშტაბით თორნტონისა და მისი მოკავშირეების გზააბნეულობა. „ეკონომიკის პარალიზების“ გზით დესტაბილიზაციის მცდელობა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებსაც, რომელიც თორნტონს, თავისი ქართველი მარიონეტების მსგავსად, ასე საშინლად სძულს და პრეზიდენტ ტრამპს „მოძალადესა“ და „კრიმინალს“ უწოდებს.

მაშინ როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, შეაჩეროს ომები და დაამყაროს მშვიდობა, ზოგიერთი საერთაშორისო ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ იყენებს აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს, ცდილობს, დათესოს არეულობა და უცხო ქვეყნებს ომისა და განადგურებისკენ უბიძგოს.

თორნტონის „ნგრევის ინსტრუქცია“ ხელისუფლების დამხობის იდეოლოგიის სასოწარკვეთილი ამოძახილია, რომლის შემოქმედნიც, როგორც უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, ენთუზიაზმით ანგრევენ საზოგადოებებს, სწირავენ სიცოცხლეებს და შემდეგ ჩრდილში იმალებიან," – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები