
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დღეს თბილისსა და რეგიონის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიებაა, რომლის შედეგადაც საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან სავარაუდო კავშირში მყოფი ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს და მათი საცხოვრებელი ადგილებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. მათ შორის, ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიება სწორედ შესაბამისი მუხლით გრძელდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ალექსანდრე ტაბატაძის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი უმაღლეს დონეზე, რათა მოახდინოს მსგავსი ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.
"ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის აქტიურ წევრად და ქვეყნის შესაბამისი სამსახურები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებენ საერთაშორისო ტერორიზმთან ეფექტიან ბრძოლას. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშებში წლიდან წლამდე საქართველო დადებითად არის მოხსენიებული და კვლავაც რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.