
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არათუ ყოველდღიურად იტაცებს, არამედ ეკლესიის კართან კლავს, ამ ფონზე, მასთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება. - კუპრაძემ აღნიშნული კომენტარი "ღამის კურიერში" გააკეთა, რითაც მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის რუსეთთან დიალოგზე საუბრობდა.
კუპრაძის თქმით, ხაზარაძის განცხადებაში მნიშვნელოვანია ის ნაწილი, როდესაც "ძლიერი საქართველოს" ლიდერი აქცენტს მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტნიორებთან ერთად დასხდომაზე საუბრობს, რადგან, კუპრაძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილმა საქართველო მარტო დატოვა რუსეთთან".
"რა თქმა უნდა, რუსეთთან კომუნიკაცია იარსებებს. მაშინ, როცა რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს 20% და ყოველდღიურად იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, არამხოლოდ იტაცებს, კლავს ეკლესიის კართან მდგომ ბუნტურს, შემდეგ პასუხს არავინ არ აგებს - კი, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გარდაუვალი და აუცილებელია - ამას ამბობს, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ჰქვია კოალიცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ამიტომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, თან მანდ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი - ჩვენ მარტო არ ვისხდებით ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეს გააკეთა, მარტო დატოვა საქართველო რუსეთთან.
ივანიშვილი საუბრობს პირისპირ [რუსეთთან] და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, საუბრის ჩანაწერებიც გავრცელებულა, დავალებებსაც კი იღებს კრემლიდან და ამის მტკიცებულება ხომ ყველამ ვიცით?! ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი რატომ დაასანქცირა, რა წერია სანქცირების დასკვნაში - რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, რუსული დავალებების შესრულება, ხომ ასე წერია?!
ივანიშვილმა მარტო დატოვა საქართველო. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას სჭირდება მეგობრები, რომლებიც შეუქმნიან მნიშვნელოვან ბალანს, დაცვის გარანტიებს და ამ დაცვის გარანტიებზე ვსაუბრობთ.
მთავარი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უკან არ დავიხიოთ, ეს კრიზისი აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას უკეთეს დემოკრატიამდე, ახალ არჩევნებამდე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.