21 თებერვალი 2025,   18:53
ვრცლად
"ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანაში, როდესაც კანონი ვერ აღწევს მიზანს, ის მკაცრდება - სწორედ ეს მოხდა საქართველოშიც" - პაატა სალია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ "ღამის კურიერის" ეთერში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლური პრაქტიკაა, რომ როდესაც კანონი დანაშაულის პრევენციას ვერ ახდენს, ის მკაცრდება და ეს მოხდა სწორედ საქართველოშიც. 

"კანონს, პირველ რიგში, აქვს პრევენციის დანიშნულება - კანონი აფრთხილებს ადამიანს, რომ მან ესა თუ ის ქმედება არ უნდა ჩაიდინოს და თუ ის დაარღვევს კანონს, მაშინ ის აგებს პასუხს. ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ნორმებმა, რომელიც მოქმედებდა, ვერ გამოიღო ის შედეგი, რასაც პრევენცია ჰქვია. ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანაში, როდესაც კანონი ვერ აღწევს მიზანს, ხდება მისი გამკაცრება - ამ შემთხვევაში, ეს მოხდა სწორედ საქართველოშიც და ჩვენ მივიღეთ გამკაცრებული ნორმები, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ნორმები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მეტსაც ვიტყვი - ბევრ ევროპულ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და, მსგავსი სამართალდარღვევის შემთხვევაში, ისინი სისხლის სამართლის კოდექსით აგებენ პასუხს. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელიც იყოს, ვიდრე საქართველოში და, ამავდროულად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც მათ ისტორიაში რჩება და ა.შ." - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები