21 თებერვალი 2025,   21:57
ვრცლად
"კალაშნიკოვი", ვაზნები, დეტონატორის სადენები, შავი ნიღბები, შავი დროშა და წიგნი წარწერით "ჯიჰადი" - სუს-მა მასშტაბური კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა

40 წლამდე მამაკაცი, კონტრტერორისტული ცენტის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში აიყვანეს. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - ეს ის საქმეა, რომლის ფარგლებშიც სუს-მა მასშტაბური სპეცოპერაცია დაგეგმა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებულია კიდევ ერთი პირი -ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი საცხოვრებელ სახლში გააცნეს, ხელბორკილები დაადეს და საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს.

ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, მათ ასაყვანად კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები, ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციებზე იყვნენ მობილიზებული. "კურიერის" ინფორმაციით, ტერორიზმის წინააღმდეგ სპეცოპერაცია გვიან ღამით, თბილისში და ერთ-ერთ რეგიონში ჩატარდა.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა კონკრეტული ნივთმტკიცებები ამოიღეს, მათ შორის საბრძოლო მასალა, ელექტრო მოწყობილობები და თანხა.

ჩატარებული სპეცოპერაციების დეტალებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა.

დაკავებულებს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურიდან გამოსულმა ადვოკატმა, საქმის მასალებზე გაუთქმელობის მიზეზით დეტალურად ვერ ისაუბრა. თქვა მხოლოდ ის, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება.

კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ბოლო პერიოდში არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ერთობლივი მუშაობის შედეგები კი ყოველწლიურად ხვდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მტკიცე პარტნიორია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ ანგარიშში მოხვდა "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობების გამოვლენის საქმეც. სუს-მა მაშინ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, სხვა ქვენებში მცხოვრებ პირებთან ერთად მოქმედებდა. დაჯგუფების სამიზნე კი პარიზში, ლონდონში და ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული ობიექტები იყო.

დღის ამბები