
სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და გაფიცვები - ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობის ეს ფორმა, საქართველოში პროტესტის გამარჯვების წინაპირობაა. ლორა თორტონი ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობაზე უარის თქმა, საქართველოში ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევს და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლას გააძლიერებს. ქართველების საპროტესტო მოძრაობას, "მაიდნის" მოვლენებს ადარებს. მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის სტატიას, გამოცემა civil.ge აქვეყნებს.
ნგრევის ინსტრუქცია, როგორც რეჟიმის შეცვლის იდეოლოგების სასოწარკვეთილი ძახილი - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ლორა თორნტონის სტატია. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საერთაშორისო ქსელი აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და ცდილობს ლეგიტიმური მთავრობის დამხობას.
მმართველი გუნდის ოპონენტები, ლორა თორნტონის მოწოდებების შეფასებებისგან თავს იკავებენ. თუმცა განცხადების კონტექსტს იზიარებენ და ამბობენ, რომ პროტესტის ყველა შესაძლო ფორმას გამოიყენებენ.
NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მოსაზრებები, რევოლუციური სცენარისთვის და ქართული ოპოზიციისთვის განკუთვნილი მორიგი სახელმძღვანელოა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ლორა თორნტონის მიერ, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გამოქვეყნებულ წერილს იხსენებენ, სადაც თორნტონი "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების დაწყების აუცილებლობაზე და არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე საუბრობდა.
"როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?" - ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის სტატია კონკრეტული ინსტრუქციებით.