
საქართველო, ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. გადაწყვეტილება, ავსტრიაში ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ოფიციალური განცხადება ვენაში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთდა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ორგანიზაციის წევრი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, განახლებადი ენერგიების განვითარება და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება ის ძირითადი საკითხებია, რასაც საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.
საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა. ორგანიზაციის მიზანი ენერგოსექტორის განვითარება და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვაა.
ავსტრიაში გამართული ღონისძიების პარალელურად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ავსტრიელმა კოლეგამ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ყურადღება დაეთმო ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ენერგეტიკული გაერთიანება უკვე 20 წელია არსებობს. საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა.