
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას ხელმძღვანელობით, თურქეთში შეხვედრები გამართა.
დელეგაციის წევრები ქალაქ სამსუნის გუბერნატორს ორჰან თავლის, სამსუნის მერს ჰალით დოღანს და ქალაქ უნიეს მერს ჰუსეინ თავლის შეხვდნენ.
"შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს სამსუნსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნისა და თბილისისა და სამსუნის დამეგობრების საკითხები.
შეხვედრები გაიმართა ასევე სამსუნის, ჩარშამბას, სალიფაზარის, ორდუს, ფაცასა და უნიეს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლიმ ზარქუამ მონაწილეობა მიიღო "სამსუნის ქართული კულტურის საზოგადოების" დაარსების ოფიციალური ცერემონიაში.
ირაკლი ზარქუამ სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ახლად დაფუძნებულ დიასპორულ ორგანიზაციას წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, პარლამენტის წევრები ანზორ ბოლქვაძე და გიორგი ჭყონია.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, ამავე სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე.