
თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტომობილების გამონაბოლქვი სახელდება. გაუმართავი ტექნიკით ჰაერი ბინძურდება და მავნე ნივთიერებები როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.
მხოლოდ გასულ თვეში, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ყველაზე მეტი - 215 თბილისში დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები კონტროლს ქვეყნის მასშტაბით 4 დიდ ქალაქში ახორციელებენ.
ევრო 5 სტანდარტის საწვავის მოხმარების დადგენა; 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა და კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე და შედეგებზე საუბრობენ.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრობენ გარემოსდამცველებიც. ამბობენ, რომ ამ პროცესს ხელს ქვეყანაში ელექტრომობილების შემოყვანის გამარტივება და მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო აქტიურად გამოყენება ხელს შეუწყობს.
დამატებით ღონისძიებებს გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გაფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, გაიზრდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლი. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესით ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს უფრო დაუახლოვდება.
დღევანდელი მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ავტოტრანსპორტი რჩება. გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.