
უმრავლესობის წევრის, პაატა სალიას განცხადებით, დღემდე არის მოლოდინი, რომ საქართველო რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი ტერიტორია უნდა იყოს და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მოხსნილი არ არის.
როგორც სალიამ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაციამ მოლოდინი გააჩნია, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ახალი ფრონტის გახსნის საჭიროებას დღის წესრიგიდან მოხსნის და საქართველოსთან მიმართებით როგორც ამერიკის, ასევე ევროპის პოლიტიკა შეიცვლება.
"ძალიან ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა საერთაშორისო დახმარებით, თუმცა ბოლო პერიოდში, ვნახეთ, რომ ათობით მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნებზე სხვა შედეგი დამდგარიყო, ადამიანებზე მომხდარიყო სხვადასხვა სახის გავლენა და ეს არჩევნები დასრულებულიყო იმ დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ, რომელიც დღეს ქუჩაში არის.
რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ კეთილი საქმეებისთვის, მაგრამ გამოვიდა, რომ კეთილი საქმეებით ინიღბებოდა ეს ამოცანა, რომელსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება ერქვა და ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოყვანა, რომლებიც მარიონეტული ძალები იქნებოდნენ. შემდეგ, შეასრულებდნენ იმ დავალებებს, რომელიც დღესაც გვესმის. არაერთი ტრიბუნიდან, დღესაც საქართველოს განხილავენ, როგორც ერთ-ერთ ტერიტორიად, სადაც რუსეთს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ სამხედრო წესით და ა.შ.
დღესაც დგას ეს საკითხი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი და პირველი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, მოლოდინი გვაქვს, რომ უკვე ახალი ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იარსებებს და ტრამპის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლის ამ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ როგორც ამერიკის მხრიდან, ასევე ევროპის მხრიდანაც", - განაცხადა პაატა სალიამ.