
მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც არ დაემორჩილა საბჭოთა კავშირის წნეხს და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს - 9 აპრილის ტრაგედიას მორის ფოცხიშვილის ლექსზე დაწერილი სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მიუძღვნა, საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. სულ მალე, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯემალ სეფიაშვილის მუსიკალური საღამო გაიმართება, სადაც ძველ და კარგად ნაცნობ სიმღერებს შეასრულებს.
ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედება ათეულობით მუსიკალურ ნამუშევარს ითვლის, 50 წელზე მეტია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის განმავლობაში, უნიკალური ხმის ტემბრითა და გულწრფელი შესრულებით, მსმენელის დიდი სიყვარული დაიმსახურა.
მისი მუსიკალური კარიერა 1970-იან წლებში ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "მელოდიასთან" თანამშრომლობით დაიწყო. როგორც თავად ამბობს, კომპოზიტორის გამარჯვება ის არის, როდესაც ქუჩაში გაივლის და გამვლელი მის სიმღერას წაიღიღინებს. ეს კი სწორედ ასეა, - წლების წინ შექმნილი კომპოზიცია დღეს თითქმის ყველამ იცის.
თითოეულ მის სიმღერას ლირიზმი, მელოდიურობა და ემოციური სიღრმე ახასიათებს, რაც მსმენელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.
ჯემალ სეფიაშვილს, კარიერის განმავლობაში, შესრულებული აქვს როგორც საესტრადო სიმღერები, ისე რომანსები და პატრიოტული კომპოზიციები. მისი შემოქმედება ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.