
საქართველომ, რომელსაც ამბიცია აქვს შუა დერეფნის პროექტის პარალელურად ევროპისთვის საიმედო ენერგომატარებელი და მიმწოდებელი იყოს, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შეიმუშავა.
ახლად გახსნილი ქვესადგური "წყალტუბო 500" ობიექტი, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში აშენდა. პროექტის საშუალებით გაძლიერდა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, რომელიც მასშტაბური პროექტის "ჯვარი-წყალტუბო -ახალციხის" შემადგენელი ნაწილია.
ქვეყნის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, 2034 წლამდე განსახორციელებელ ჯამში 18 პროექტს მოიცავს. მათ შორისა ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება და რეაბილიტაცია.
ათწლიანი გეგმა მოიცავს განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისათვის საკმარისი გამტარუნარიანობის და ევროპული გაერთიანებული ენერგოსისტემის განვითარების ათწლიან გეგმასთან ინტეგრირებისთვის საჭირო ღონისძიებებსაც. განხორციელებულმა პროექტებმა გეგმის მიხედვით ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლასაც. საქართველოში რეაბილიტირებული ან გაორჯაჭვიანებული გადამცემი ხაზების ჯამური სიგრძე 1700 კმ-ს მიაღწევს, ხოლო ქვესადგურების ჯამური სიმძლავრე - 7000 მგვა-მდე უნდა გაიზარდოს.
მიწოდების უსაფრთხოება, ქსელის საიმედოობა და ელექტროენერგიის ხარისხი – სემეკში განმარტავენ რომ გეგმაში სრულად არის ასახული მომხმარებლის ინტერესები.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში გაწერილ პროექტების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი გია არაბიძე. ენერგეტიკოსის შეფასებით, ქვეყანაში დენის ექსპორტი გაიზრდება, იმპორტი კი შემცირდება.
ათწლიანი გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება, 2 მილიარდი ევროს ფარგლებშია.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.