
სახელისუფლებო გუნდი უცხო ქვეყნის გავლენებთან ბრძოლას, შტატებში მოქმედი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის, ზუსტი ანალოგით გეგმავს. ე.წ "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კი ბრიტანული რეგულაციები ამოქმედდება. მედიის ობიექტურობის დადგენა BBC-ის სტანდარტის შესაბამისად მოხდება. ამავე საკანონმდებლო პაკეტში იქნება ცვლილებები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღებას შეზღუდავს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული ფარა და მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი მათთვის მისაღებია, თუმცა ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია, მათ ანალოგს არ წარმოადგენს.
ვისაც, საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს , სახელისუფლებო გუნდი ვაშინგტონსა და ლონდონში ამისამართებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარლამენტში ამერიკული ფარას და ბრიტანული კანონის ზუსტი თარგმანი დარეგისტრირდება, ცვლილებების მიღების შემდეგ კი მისი იმპლემენტაციაც, შტატებსა და ბრიტანეთში მოქმედი კანონების შესაბამისად მოხდება. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურში უცხოური დაფინანსების მიღების კონტროლი, დეზინფორმაციასთან ბრიტანული მეთოდით ბრძოლა და გამჭვირვალობის ამერიკული სტანდარტი ქვეყნის კანონმდებლობას დასავლურ სტანდარტთან უფრო მეტად დააახლოებს.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტების დეტალურ განხილვას დაიწყებს. ცვლილებები კი კანონად მომდევნო თვე ნახევარში, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იქცევა.