
შეხვედრა უკრაინის ბედზე უკრაინის გარეშე - საუდის არაბეთში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი თითქმის 5 საათიანი საუბრის შემდეგ დასრულდა. fox news-ის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების სამ ეტაპიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინაში არჩევნებს და საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს. მედიაში გავრცელებულ ამ ვერსიას მხარეები ოფიციალურად არ ადასტურებენ.
პირველი რაუნდით კმაყოფილი დარჩა მოსკოვიც. მხარეები ამერიკასა და რუსეთში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის პრეზიდენტი განსაზღვრავს უკრაინის საკითხზე მომლაპარაკებელთა ვინაობას. სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგას დღეს კიდევ ერთხელ უთხრა რომ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე არცერთი დასავლური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ყოფნას არ დაუშვებს.
რუსეთ-ამერიკის შეხვედრის მიღმა დარჩენილი უკრაინის პრეზიდენტი კი, თავისი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ინტერესებზე დღეს თურქ კოლეგას ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც საუდის არაბეთში მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდა, შტატებისა და მოსკოვის შეხვედრა ანკარიდან შეაფასა.
სანამ ევროპა საუკუნის დისკუსიაში ჩართვას ცდილობს, ერ-რიადში გამართული შეხვედრა უკვე დასრულდა გარკვეული შედეგებით. რუსეთი და შტატები მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებაზეც შეთანხმდნენ - სწორედ ისინი განაგრძობენ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე მუშაობას. როდის და რა ფორმით ჩაერთვება კიევი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, ჯერ ისევ უცნობი რჩება.