
ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. გენადი არველაძემ ავსტრიული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, საინვესტიციო გარემო და უცხოური კაპიტალის დაცვის მექანიზმები გააცნო. გენადი არველაძის ინფორმაციით, კომპანია საქართველოს ბაზრის შესწავლითაა დაინტერესებული.
"კომპანია დაინტერესებულია საერთაშორისო არეალზე საქმიანობის გაზრდით და გაფართოებით, მათ შორის მის ერთ-ერთ ინტერესს წარმოადგენს საქართველო და ამიერკავკასიის რეგიონი. საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის დამაკავშირებელ ქვეყანას. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ ახალი სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობაზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხაზი რეგიონში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე ტრანზიტის კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში Verbund-ში სურვილი გამოთქვეს მაის-ივნისში საქართველოში პირველი შემსწავლელი ვიზიტის თაობაზე, რათა გაეცნონ საქართველოს ენერგოსექტორს და მის შესაძლებლობებს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ახიმ კასპარის შეფასებით, კომპანია ინფორმირებულია საქართველოს, როგორც ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყნის შესახებ, ის მომავალში საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრობს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრით. ვიცით, რომ საქართველო, ავსტრიის მსგავსად, მეტწილად ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა. ავსტრიაში Verbund-ისგან 8000 მეგავატი დადგმული სიმძლავრე გვაქვს, ამიტომ, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ თქვენს ქვეყანასთან ნაყოფიერი დისკუსიებით და, შესაძლოა, მომავალში ვითანამშრომლოთ ჰიდრო-ენერგეტიკის მიმართულებით კონსულტირების კუთხით. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით ვაგეგმარებთ როგორც წყალსაცავის, ისე მდინარის ტიპის ელექტროსადგურებს, ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი პარტნიორობა ავსტრიული ტექნოლოგიების საქართველოში დასანერგად“, - განაცხადა ახიმ კასპარმა.
ამასთან, კომპანია Verbund-ის წარმომადგენელი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გეგმებს, რომლებიც ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით ინვესტორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც წაახალისებს უცხოელ ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის თვალსაზრისით.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო მიესალმება თანამშრომლობას ავსტრიის ენერგეტიკულ კომპანიებთან. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე ავსტრიული კაპიტალი მეტად იქნება წარმოდგენილი.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურა განახლდეს, მოხდეს მისი მოდერნიზება, რადგან ეს გაზრდის ელექტროენერგიის წარმოების და მიწოდების ეფექტურობას და მდგრადობას. ამ თვალსაზრისით კომპანია Verbund-ის გამოცდილება და მათი ტექნოლოგიების საქართველოში გადმოტანა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.