
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი, ხმათა უმრავლესობით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ვიცე თავმჯდომარედ აირჩიეს. სემეკის წევრი აღნიშნულ პოზიციას 2026 წლის სექტემბრამდე დაიკავებს.
როგორც ICER-ის ვიცე თავმჯდომარე, გიორგი ფანგანი ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს უხელმძღვანელებს, რომელიც 2026 წელს ქ.თბილისში პირველად გაიმართება.
გიორგი ფანგანი სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ენერგეტიკული ბაზრებისა და მომსახურების ხარისხის განვითარებას. იგი 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB).
2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).
#სემეკი #როცაბალანსიდაცულია #ICER #WFERIX