
მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას აკრიტიკებს, სადაც ყოფილი ბანკირი ანაკლიის პორტის მშენებლობას მხოლოდ ამერიკული ინვესტიციით განიხილავს. "ქართული ოცნებისთვის" ხაზარაძის ეს პოზიცია მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტს ფრანგულ საარბიტრაჟო სასამართლოში წაგებული დავასაც ახსენებს.
მამუკა ხაზარაძის პოზიციას იზიარებენ მისი თანაგუნდელები. "ლელოში" ამბობენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესში, ძირითადი აქცენტი სწორედ დასავლურ ინვესტიციაზე უნდა გაკეთდეს. დასავლურთან ერთად, ჩინური კაპიტალის მოზიდვაში პრობლემას ვერ ხედავენ გახარიას გუნდში.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ყოფილი ბანკირი წარსულშიც და ახლაც საკუთარზე მეტად, წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს აყენებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ლელოს" ლიდერს საკმარისი დრო ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ეს ვერ მოახერხა და ქვეყანას რამდენიმე წელიც დააკარგვინა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.