
ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - რამდენიმე ოპოზიციური პარტია ღიად აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას არ გეგმავს. ზოგიერთი პარტია კი პირდაპირ უარს არ ამბობს და არჩევნებში მონაწილეობის საკუთარი სცენარი აქვს.
"ამ ეტაპზე, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, საუბარი იმ საკითხზე, თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, არაადეკვატურია. სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები, არ გატარდება საარჩევნო მიმართულებით ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ჩვენ არ ვფიქრობთ საუბარს თვითმმართველობის მიმართულებით და არც მონაწილეობის მიღებას," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა.
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ მის პარტიას არჩევნებისთვის მზადება აქვს დაწყებული, ოღონდ არა თვითმმართველობის, არამედ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"8 თვე არის ძალიან დიდი დრო. უკვე 3 თვეა მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები უნდა ემზადებოდნენ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი მხრივ, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა დაწყებული. თვითმმართველობის არჩევნები არის შემდეგი, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება და, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვის ჩვენ ვართ მზად. სხვა დანარჩენი არის პროცესი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.