09 მარტი 2025,   17:59
ვრცლად
ვაშინგტონის და კიევის დელეგაციები მოლაპარაკების მაგიდასთან 3 დღეში დასხდებიან - ვინ რას სთავაზობს უკრაინას და რა სურს ომში მყოფ ქვეყანას

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულებაზე მორიგ განცხადებას აკეთებს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად დიალოგი რუსეთთან წარმატებით მიმდინარეობს. უფრო რთულად კი მოლაპარაკებების წარმართვას უკრაინასთან პროგნოზირებს. ოვალურ კაბინეტში გამართული წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ მოლაპარაკების მაგიდას დროულად დაუბრუნდეს.

მშვიდობის დამყარებასთან ერთად, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინისთვის მიწოდებული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნებაა. ამერიკის პრეზიდენტი მის წინამორბედს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს და უკვე გახარჯულის უკან დაბრუნების მთავარ გზად, იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მიიჩნევს.

მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეების მიყვანა რომ მარტივი არ იქნება, ამას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველიც ამბობს. მაიკ ვოლცის განცხადებით, ახლა შტატების მთავარი მიზანი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაა.

ვაშინგტონისა და კიევის დელეგაციები მოლაპარაკების მაგიდასთან 3 დღეში დასხდებიან, ლოკაცია ისევ საუდის არაბეთია. თუმცა, სანამ კონკრეტული გეგმის შემუშავება მოხდება, ომი უკრაინაში კვლავ გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე საუბრობს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ამ მიზნების მისაღწევად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ინტენსიურად მუშაობს. ის მადლობას უხდის ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში ეხმარებიან.

უკრაინაში ომის დასრულების პარალელურად, ტრამპი ევროკავშირში ერთგულ მოკავშირეებს ეძებს. გამოცემა "ტელეგრაფი" სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შტატები გერმანიიდან ჯარების გაყვანას აპირებს, ლოკაცია კი, სადაც ამერიკელი სამხედროები განთავსდებიან - უნგრეთია.

შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის მიერ გატარებული ახალი პოლიტიკის პარალელურად, ევროპა თავდაცვის ალტერნატიულ გზებზე ფიქრობს. საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები ახლა ბირთვულ ქოლგაზე მუშაობენ, მსჯელობენ, ვის ექნება რეალური კონტროლი ბირთვულ შემაკავებელ იარაღზე. მზაობა უკვე გამოთქვა პოლონეთმა, რომელსაც უნგრეთი ტრამპის სამშვიდობო გეგმის შეფერხებაში ადანაშაულებს.

უკრაინაში ომი უკვე 3 წელია გრძელდება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე მუშაობს.

დღის ამბები