
ევროპის თავდაცვის გეგმა და პარიზის შეთავაზება, რომელიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხისგან თავის დასაცავად საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენებას გულისხმობს - ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ, თუ ვის ექნება რეალური კონტროლი ასეთ იარაღზე.
თავდაცვის გეგმაზე მსჯელობის პარალელურად, უნგრეთი პოლონეთს აკრიტიკებს და ტრამპის სამშვიდობო გეგმის შეფერხებაში ადანაშაულებს. ევროკავშირის ოფიციალურ უწყებებში კი ფიქრობენ, რომ პუტინს მშვიდობა არ აინტერესებს.
"პარიზის შეთავაზებას - ევროპელ მოკავშირეებთან ერთად რუსეთიდან მომდინარე საფრთხისგან თავის დასაცავად საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების შესახებ, სერიოზულად განვიხილავთ, თუმცა ის გარკვეულ ეჭვსაც აჩენს. მთავარი საკითხია, ვის ექნება რეალური კონტროლი ასეთ იარაღზე. თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, სასურველია, დავრწმუნდეთ, რომ იარაღი ჩვენს ხელში იქნება. პოლონეთის მთავრობა უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობს და აანალიზებს, რომელი იარაღია ყველაზე ეფექტიანი ამ ვითარებაში და რომელ ტექნოლოგიებში ღირს ინვესტირება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ნათლად გვაჩვენებს, რა ხდება, როცა ქვეყანა ბირთვულ იარაღს კარგავს – ის თავდასხმის მსხვერპლი ხდება. დღეს, უდავოდ, უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდით თავს, ჩვენი საკუთარი ბირთვული არსენალი რომ გვქონდეს. თუმცა, ამგვარ გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა ხანგრძლივია და კონსენსუსს საჭიროებს,"- აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.