
2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება. ქვეყანა მალე ისევ წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა. ვინ გამოიყენებს შანსს და ვინ შესაძლებლობას, რომ 4 ოქტომბერს, 4%-იანი ბარიერი გადალახოს? - "ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ ამბობს, რომ მონაწილეობას არ აპირებს ისეთ პროცესში, რომელიც მათთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.
მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები? - მათ, ვისაც 26 ოქტომბრის შედეგების აღიარება უჭირთ, უჭირთ მკაფიო პასუხიც. ოპოზიციის ამ ნაწილის პოზიცია ერთგვარ პირობას ჰგავს - მუნიციპალურ არჩევნებამდე დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
საკუთარ ძალებს წელსაც მოსინჯავს "გირჩი", რომელიც კოლეგებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ, პრინციპებს არ უღალატონ და ამით ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუადვილონ.
"ქართული ოცნება" ყველას ურჩევს, რეალობას თვალი გაუსწორონ და აბსურდული მოთხოვნების დაყენების ნაცვლად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი, რის გამოც მათი ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს, საზოგადოების უნდობლობა და იმის აღიარებაა, რომ ოპოზიციას ელექტორატი აღარ ჰყავს.
თვითმმართველობის არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ამომრჩეველი ხმას 69 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, 5 თვითმმართველ ქალაქში აძლევს - მერების ასარჩევად და საკრებულოების დასაკომპლექტებლად.