
რამდენიმეწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, მუსიკოსების ოჯახში გაზრდილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი სცენას დაუბრუნდა. მუსიკოსი მღერის სამშობლოზე, სიყვარულზე, დედაზე.
დავით კენჭიაშვილმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რიგით მე-3 კონცერტი გამართა. რეპერტუარი 16 სიმღერისგან შედგებოდა. ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა ნაციონალური ინსტრუმენტებით. მაყურებელმა ყველა ის კომპოზიცია მოისმინა, რითაც მუსიკოსი ასე შეიყვარეს.
დავით კენჭიაშვილის გარდა, მაყურებლის წინაშე წარდგა მუსიკოსის და, თათია კენჭიაშვილიც, რომელმაც სიმღერა დედას მიუძღვნა.
სოლო შესრულების გარდა, მაყურებელმა დავით კენჭიაშვილის სიმღერა ანსამბლთან ერთადაც მოისმინა.
ხელოვანის ცხოვრებაში, მუსიკა ბავშვობიდან მთავარ როლს ასრულებდა. მისი პირველივე სიმღერა "შენმა სურვილმა დამლია’’, მსმენელმა შეიყვარა და ჰიტად იქცა.
ენთუზიაზმით და შემართებით ახალ სიმღერებსა თუ კოლაბორაციებზე მუშაობა გრძელდება. ტრადიციულთან ერთად, მის რეპერტუარში ელექტრონული მუსიკაც იქნება.
დედაქალაქში გამართული შთამბეჭდავი კონცერტის შემდეგ, დავით კენჭიაშვილი მუსიკალურ საღამოებს ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს.