
თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვით ადრე ოპოზიციის ნაწილი ისევ ფიქრობს, ჩაერთვება თუ არა საარჩევნო მარათონში.
ბარიერგადალახულებს შორის ერთადერთი, "ნაციონალური მოძრაობაა", ვინც პირდაპირ ამბობს, რომ შემოდგომაზე, საკუთარ რეიტინგს აღარ გაზომავს. ბარიერგადალახულების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებამდე ჯერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ საზოგადოების მხარდაჭერას პროცენტებში, კიდევ ერთხელ გაზომავს, "გირჩია".
სახელისუფლებო გუნდში, სადაც მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადებიან, ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ გაიმართება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის აბსურდულ განცხადებებს საზოგადოება იმით პასუხობს, რომ ისინი, ბოლო წლებში, არჩევნებში მუდამ მარცხდებიან.
"ოპოზიციის ამ აბსურდულ განცხადებებს ჩვენი საზოგადოება პასუხობს იმით, რომ ყოველ ჯერზე მარცხდებიან ისინი და ეს არის ქართველი ხალხის პასუხი. ქართველმა ხალხმა დაამთავრა მათი ბატონობა და ყოველ არჩევნებზე მათი მარცხი და მარცხის რეჟიმში არსებობა ამის დამადასტურებელია.
მათი ნარატივია, როგორმე საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანონ. წყურვილი აქვთ, რომ როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არის წარსული და ის აღარასდროს განმეორდება. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" ერთადერთი ძალაა, რომელიც ორიენტირებულია ქართველი ხალხის მომავალზე, მის ინტერესებზე", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.