09 მარტი 2025,   18:07
ვრცლად
თბილისში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

თბილისში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე ტექნიკით. რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების დაკომპლექტებისთვის საჭირო ღონისძიებები სწორედ ამ სააგენტოში ხორციელდება. მათ შორის მოქალაქეების აღრიცხვა, რეკრუტირება და გაწვევა.

სააგენტოში მუშაობის ახალი მიდგომები დაინერგა. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპზე აგებული ალგორითმით, წვევამდელები შერჩევას ახორციელებს.

სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შენობაში იმუშავებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი, ასევე თბილისი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრი, ფრონტოფისით. სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით 8 რეგიონული ოფისი და 81 მუნიციპალური განყოფილება ექვემდებარება. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პროექტის განხორციელებას, ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით, მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნევს.

სააგენტოს ახალი შენობის ოფიციალურ გახსნას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, რის შემდეგაც ეროვნული სააგენტოს პირადი შემადგენლობის წევრები დააჯილდოვა.

2025 წლის პირველი იანვრიდან თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულად განახლდა და მის გავლას, წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში შეძლებენ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები