09 მარტი 2025,   17:37
ვრცლად
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმე - ISFED-მა დოკუმენტების პროკურატურისთვის გადასაცემად დამატებითი დრო ითხოვა

უკვე მესამე დღეა, სამართლიანი არჩევნები პროკურატურას 2024 არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების ამსახველ დოკუმენტებს არ უგზავნის. ორგანიზაციამ დამატებითი დრო ითხოვა, პროცესის გაჭიანურებამ კი მმართველ გუნდს ეჭვები გაუჩინა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ISFED დოკუმენტის გაყალბებას და უკვე არსებული რეალობის შეცვლას მანიპულაციით ცდილობს.

სამართლიანი არჩევნები ჯერჯერობით არც გამოძიებასთან თანამშრომლობს და არც მედიასთან. "კურიერი" არასამთავრობო ორგანიზაციას დაუკავშირდა, თუმცა გვითხრეს რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც პროკურატურას შესაბამის დოკუმენტებს გაუგზავნიან.

არჩევნების სავარაუდო გაყალბებასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის კავშირს ვერ ხედავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ.

რატომ არ ასაჯაროებს ISFED ხმების პარალელური დათვლის შედეგებს არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე თვეს? "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციის და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანხვედრაა. მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც გაიხსენეს.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს იმასაც, რომ სამართლიანი არჩევნების ერთადერთი ამოცანა, არჩევნების გაყალბებულად წარმოჩენაა.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 4 დღის შემდეგ, მთავარ საგამოძიებო უწყებას ამ მოთხოვნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები