09 მარტი 2025,   17:28
ვრცლად
ცენტრალური აზიის კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელთანაც საქართველო კავშირებს აღრმავებს - თურქმენეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგები

ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება და შუა დერეფნის როლი ორი ქვეყნის ურთიერთობებში - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქცენტი, თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აუდიენციის დროს, პოლიტიკურმა ლიდერებმა როგორც სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ, მეტი მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში სამთავრობო გუნდთან ერთად ჩავიდა. ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის დროს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებიც გამოიკვეთა. საუბარია ტურიზმზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკის სფეროზე. ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა თქვა ისიც, რომ აქცენტი გაკეთდა თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე და საქართველოს მეშვეობით სატრანზიტო მიმართულებებზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის 2025-2026 წლებისათვის თანამშრომლობის პროგრამას. ასევე ხელი მოეწერა საბაჟო სფეროში თანამშრომლობის და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებასაც.

კონკრეტული შეთანხმებები გაფორმდა დარგობრივ უწყებებს შორისაც. ამ შემთხვევაში საუბარია როგორც სპორტის სფეროზე, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებაზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა აშხაბადში მდებარე კულტურულ პარკ-კომპლექსში განთავსებული შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

მანამდე კი, საქართველოს მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა. მთავრობის მეთაური აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ გააცილა.

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები