09 მარტი 2025,   17:50
ვრცლად
დიდი გარიგება დიდი ომის დასასრულებლად - ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ

დიდი გარიგება დიდი ომის დასასრულებლად - დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მტკიცებით, სხვა გზა არც პუტინს აქვს და არც ზელენსკის. ტრამპი არც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციებს გამორიცხავს, ვიდრე არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნე გახდა ნატოც. თქვა, რომ ვაშინგტონი არ იბრძოლებს ალიანსის იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც საკმარისს თანხას არ ხარჯავენ თავდაცვაზე.

დათმობებზე წასვლისთვის მზად არის უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ვაშინგტონში წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ, შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - ზელენსკიმ დაწერა, რომ მომავალ კვირას უკრაინისა და შტატების წარმომადგენლები, საუდის არაბეთში შეხვედრას გამართავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ევროპელ ლიდერებს, რომლებთან ერთად სამიტს დაესწრო და მნიშვნელოვანი დახმარებაც მიიღო. ევროკავშირი უკრაინას 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ბრიუსელში, ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს.

სამიტის დასრულების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა ისევ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. თქვა ისიც, რომ ვლადიმერ პუტინს კარგად იცნობს, რასაც არქივში არსებული კადრებიც ადასტურებს. 2018 წელს რუს კოლეგასთან ერთად ერთი ქოლგის ქვეშ მდგარი ემანუელ მაკრონი ახლა ევროპას ფრანგული ბირთვული ქოლგის ქვეშ მოქცევას სწორედ ვლადიმერ პუტინისგან დასაცავად სთავაზობს. მაკრონს აკრიტიკებს ადრესატი.

საკუთარი გეგმა დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრმაც წარადგინა. ჯორჯია მელონი ნატოს სთავაზობს, გაწევრიანების გარეშე მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს. იტალიის ინიციატივით კმაყოფილია კიევი.

სანამ კიევი მსოფლიოსთან ერთად ომის დასრულების გზებზე მსჯელობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1108-ე დღე იწურება. საოკუპაციო ძალებმა დილით ქვეყნის ენერგოსისტემას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. პოლტავას, ხერსონის, ხარკოვის, ტერნოპოლის და ოდესის ოლქებში იწვის გაზსადენების ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გამანაწილებელი ობიექტები. ხარკოვში კი რუსეთის ძალების იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები