09 მარტი 2025,   17:33
ვრცლად
ოპოზიცია რამდენიმე დღეა ბალტიისპირეთშია - "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით ნათლად გამოჩნდა, რომ ბალტიისპირეთის სანქციების შემუშავებაში ოპოზიციაც აქტიურად იყო ჩართული

ლატვიის შემდეგ ესტონეთი - ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა ბალტიისპირეთშია. რამდენიმე დღეა დაწესდა სანქციებიც. პოლიტიკაში მსგავსი დამთხვევები რომ არ არსებობს, ამის დასადასტურებლად მმართველ გუნდს კონკრეტულ არგუმენტები მოჰყავს. "ქართული ოცნების" თქმით, უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის სანქციების შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელურად ოპოზიციაც აქტიურად იყო ჩართული. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხელისუფლებებს საერთო ინტერესი ამოძრავებთ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მედიას არ პასუხობს, რა ფინანსური რესურსით გაემგზავრა ოპოზიცია ლატვიასა და შემდგომ ესტონეთში. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ქვეყნების ხელისუფლებების დაფინანსებით ჩავიდნენ "ნაცმოძრაობის", "ლელოსა" და "ახალის" წევრები ბალტიისპირეთში. პარტიებში არ უარყოფენ, რომ მათი თანაგუნდელები იქ პარტნიორების მიწვევით იმყოფებიან, რომლებთანაც სანქციების საკითხზე თანამშრომლობენ. თუმცა, ოფიციალური შეხვედრების დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობენ.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ. ამბობენ, რომ სწორედ ოპოზიციის დეზინფორმაცია დგას ბალტიისპირეთის სანქციების უკან, რაშიც უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გეოპოლიტიკურ ინტერესს ხედავს.

საკუთარი ქვეყნის ღალატი - ასე აფასებს ოპოზიციის ქმედებებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყნის დაზიანების მიზნით უცხოურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი შეფასებაც სჭირდება.

პოლიტიკოსები, სამართალდამცველები და მოსამართლეები - ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე დაასანქცირა, სანქცირებულთა სია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გუშინ გამოაქვეყნა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ნაცვლად ესტონეთშია რეგისტრირებული. სწორედ ესტონეთში იმყოფება ამჟამად ოპოზიციის ერთი ნაწილი. მეორე კი ბრიტანეთშია, სადაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობენ.

დღის ამბები