09 მარტი 2025,   18:02
ვრცლად
"ლელოს" ლიდერი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მხოლოდ ამერიკის ჩართულობით უნდა მოხდეს - ხაზარაძის განცხადებები სახელისუფლებო პარტიისთვის ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა

სახელისუფლებო პარტიისთვის ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა მამუკა ხაზარაძის განცხადებები, სადაც "ლელოს" ლიდერი საქართველოს მიერ ამერიკის ინტერესების პირველ რიგში გათვალისწინებაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე არა საკუთარი, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

აყენებს თუ არა "ლელოს" ლიდერი საკუთარ ქვეყანაზე წინ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, თავად დღეს ამ კითხვებზე არ უპასუხია. მისი განცხადება, თანაპარტიელებმა განმარტეს. მანამდე კი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პორტის მშენებლობა მხოლოდ ამერიკის ჩართულობით უნდა მოხდეს.

"ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ხაზარაძის გუნდის განმარტება "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა". პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთადერთი მიზანი, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

მამუკა ხაზარაძის პოზიცია პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" გაიზიარეს - ამ ოპოზიციურ ძალაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოკავშირე ევროპული ქვეყნები და ამერიკა უნდა იყოს. ანაკლიის პორტში, შტატების და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ჩინეთის ინტერესების წარმოდგენას მიესალმებიან გიორგი გახარიას პარტიაში.

პოლიტიკური სპეკულაცია და მანიპულაციაა პრემიერ-მინისტრისთვის "ლელოს" ლიდერის განცხადებები - ირაკლი კობახიძე იხსენებს წარსულს და აქვს კითხვა, მაშინ როცა სწორედ ხაზარაძის მეთვალყურეობის ქვეშ იყო ანაკლიის პორტის პროექტი, რატომ ვერ მოიზიდა "ლელოს" ლიდერმა ინვესტორები და თუ წარსულში ჩინეთის მონაწილეობა მისაღები იყო, ამას ახლა დაუშვებლად რატომ მიიჩნევს.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს ხელისუფლებასთან ოპონირების მიუხედავად, უარი თქვან საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხელოვნურად დაზიანებაზე.

დღის ამბები