26 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
დაპირების მიუხედავად, ოპოზიციონერები მანდატების დატოვებაზე განცხადებებს არ წერენ - "ქართულ ოცნებაში" კი ფიქრობენ, რომ ოპონენტები 2020-ის სცენარს იმეორებენ

თენგო თევზაძის შემდეგ, სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს "ლელოს" გენერალურმა მდივანმა მიმართა. "კოალიცია საქართველოსთვის" იმ პოლიტიკოსების ჩამონათვალს აუქმებს, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა. თუმცა ოპოზიციურ პარტიაში კვლავ ბუნდოვანს ტოვებენ კითხვას, როდის იტყვიან უფლებამოსილებაზე უარს მანდატიანი დეპუტატები. ყოფილი ბანკირის გუნდში დღეს მხოლოდ ალტერნატიული პარლამენტის იდეაზე საუბრობდნენ.

61 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მანდატის გაუქმების მიმართვის შესახებ სიტყვიერი განცხადება, მხოლოდ გიორგი ვაშაძემ გააკეთა. პოლიტიკოსმა დღეს უმოქმედობის გამო მხოლოდ გახარია გააკრიტიკა. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი კვლავ უპასუხოდ ტოვებენ კითხვას - როდის იტყვიან უარს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე პარტიის სხვა წევრები. "ნაცმოძრაობამაც" კომისიას, ამ დრომდე, მხოლოდ სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა.

კოლეგებისგან განსხვავებულია კიდევ ერთი ბარიერგადალახული პარტიის პოზიცია. ექსპრემიერი აცხადებს, რომ მას პოლიტიკურ სვლებს სააკაშვილი, ხაზარაძე, ვაშაძე ან გვარამია ვერ უკარნახებენ. გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ახლა მათზე სამართლიანად გაბრაზებულ ელექტორატს ვერაფერს სთავაზობს და მხოლოდ სიებით მანიპულირებს.

ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერათ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ სცენარი კვლავ 2020 წლის მსგავსად ვითარდება. საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, ოპოზიციას, ამ ფორმით, საკუთარი ამომრჩეველი შეცდომაში მეორედ შეჰყავს. "ოცნების" ლიდერების აზრით, ოპონენტებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში კუთვნილ სკამებს დირექტივების შემდეგ დაიკავებენ.

ცესკომ სამი ბარიერგადალახული პარტიის მოთხოვნა, პარლამენტში პოტენციური ადგილმონაცვლეების სიის გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე დღის ბოლოს დააკმაყოფილა. მანდატიანი პოლიტიკოსები კი პარლამენტის კანცელარიისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მიმართვას არ ჩქარობენ.

დღის ამბები