
ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, ამერიკელი დიპლომატები უკრაინის წარმომადგენლებს - ჯიდაში შეხვდებიან. ერთმანეთის პირისპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი ერმაკი დასხდებიან. Financial Times-ის ცნობით, კიევი ვაშინგტონს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას შესთავაზებს, უკრაინის წინადადება კი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების და დრონების გამოყენებაზე უარის თქმას, ასევე, შავ ზღვაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას გულისხმობს.
შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები შეეცდებიან გაარკვიონ, მზად არის თუ არა უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდეს. ინფორმაცია Reuters-მა მოიპოვა. NBC-ის მიხედვით კი, კიევის მიმართ ტრამპის დელეგაციას კიდევ ორი მოთხოვნა ექნება - ახალი არჩევნების დანიშვნა და უკრაინის პრეზიდენტის გადადგომა. თავად ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრისგან კარგ შედეგებს ელოდება და უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაცვლის აღდგენასაც კი განიხილავს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები დამაიმედებელია მოსკოვისთვის.
ვაშინგტონის და კიევის შეხვედრის წინ განხილვის საგანია ამერიკის მიერ 4 მარტს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტა.
ფრონტის ხაზიდან სადაზვერვო მონაცემების მიღებას და დამუშავებას უკრაინული მხარე ილონ მასკის სატელიტური კავშირის Starlink-ის მეშვეობით ახორციელებს. X-ის საკუთარ გვერდზე მასკმა დაწერა, რომ Starlink უკრაინის ფრონტის ხაზის ხერხემალია, რის გათიშვაც თავდაცვის ჩამოშლას გამოიწვევს. მასკის ამ განცხადებას ოფიციალური ვარშავა გამოეხმაურა. რომელიც SpaceX-გან უკრაინისთვის ინტერნეტს ყოველწლიურად 50 მილიონ დოლარად ყიდულობს.
განცხადებას მალევე მოჰყვა მასკის პასუხი. მასთან ერთად სოციალურ ქსელ X-ში სიკორსკის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც უპასუხა, მარკო რუბიომ დაწერა, რომ უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია.
უკრაინაში სამშვიდობო პროცესის დაწყების პარალელურად, ევროპა უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობს. ემანუელ მაკრონის წარდგენილ იდეას, რომელიც ფრანგული ბირთვული ქოლგის ქვეშ ევროპის გაერთიანებას გულისხმობს, შეუერთდა პოლონეთი და დანია. განცხადება გაკეთდა გერმანიაშიც. მომავალი კანცლერი, აცხადებს, რომ გერმანიამ ბირთვული თავდაცვის საკითხებში დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან უნდა ითანამშრომლოს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე