11 მარტი 2025,   02:10
ვრცლად
ინკლუზიური დიალოგისკენ მოწოდება თუ ღია ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში - ვინ როგორ აფასებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის განცხადებებს

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ღია ჩარევას უწოდებს პარიზიდან გაკეთებულ ახალ მოწოდებებს. პარლამენტის თავმჯდომარე, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს. შალვა პაპუაშვილი ფრანგი პოლიტიკოსის პოზიციას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. პირველი კანონმდებლის თქმით, ამ შემთხვევაში პარიზის სურვილები ქართულ რეალობას არ ემთხვევა.

საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადება, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში გუშინ გააკეთა.

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის მსგავსად ფიქრობს ოპოზიციაც. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანას, სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნები გამოიყვანს. მათივე შეფასებით, მსგავსი შინაარსის განცხადებები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ ნიშნავს.

სწორედ ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა ფრანგი პოლიტიკოსის განცხადებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, შიდა თუ გარე აქტორები მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ.

"ქართული ოცნება" ყველა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

დღის ამბები