10 მარტი 2025,   23:21
ვრცლად
ლევან მახაშვილმა მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მონაწილეობა მიიღო მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ლევან მახაშვილმა აღნიშნა ის რამდენიმეწლიანი სამუშაო პროცესი, რომელიც წინ უძღოდა 2022 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მომხმარებლის უფლებათა დაცვის კანონის მიღებას.

მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის მიღებით საქართველოში დამკვიდრდა მომხმარებლის უფლების სფეროში ევროპული სტანდარტის საკანონმდებლო ჩარჩო. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის სახელით, გამოთქვა მარეგულირებელ სააგენტოებთან, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის მზადყოფნა აღნიშნული კანონმდებლობის პრაქტიკაში შემდგომი ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

გარდა ამისა, ლევან მახაშვილმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოების და ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, რათა შესაძლებელი იყოს დაინტერესებული მხარეების დროული ინფორმირება და მომხმარებლის პატივისცემაზე დაფუძნებული ქცევის კულტურის დამკვიდრება.

მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის, მარეგულირებელი კომისიების, აკადემიური წრის, ბიზნეს სექტორისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

დღის ამბები