
ოპოზიციას ერთმანეთთან საუბარი და ფოტოს გადაღებაც კი უჭირს, სალომე ზურაბიშვილს კი ლიდერობისთვის ხელს ასაკი არ უწყობს - ეს სიტყვები კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ექსპრეზიდენტის ოფისში ოპოზიციური ლიდერების კონსულტაციის დასრულების შემდეგ თქვა. ნათქვამს არც დღეს ემიჯნება, თუმცა ახლა კოორდინაციის აუცილებლობაზეც საუბრობს.
ზურაბიშვილი და მის მრგვალ მაგიდასთან ოპოზიციის გაერთიანების შანსი წითელი ხაზია "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრ ცოტნე კობერიძისთვისაც. გვარამია-მელიას ირგვლივ შექმნილი ერთობის ლიდერები დიდი ხანია პოლიტიკურ ასპარეზზე არ აქტიურობენ. კოალიციის წევრების აზრით, კობერიძის პოზიცია მისი ინდივიდუალური ხედვაა და პარტიასთან საერთო არაფერი აქვს.
იმ ფონზე, როცა ექსპრეზიდენტი საერთო ოპოზიციური პლატფორმის შექმნას ცდილობს, "ლელოს" კოალიციის რიგებს ტოვებენ. ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანი" უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა, "ლელოში" კი, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამ ფაქტს უარყოფდნენ, ამბობენ, რომ ახლა მიზანი ზურაბიშვილის პლატფორმის ირგვლივ მუშაობაა.
ყველაზე პესიმისტურად სავარაუდო ოპოზიციური გაერთიანების მომავალს "გირჩში" ხედავენ. პოლიტიკურ ცენტრში ალტერნატიული აზრის გამარჯვების ერთადერთ წინაპირობად, არსებული ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ველიდან სრულად გაქრობას მიიჩნევენ.
ნათელაშვილის ფანჩატურიდან ზურაბიშვილის ოფისამდე წინასწარ განწირული გაერთიანების მცდელობა - ასე აღიქვამს მმართველი ძალა ოპონენტების გაერთიანების პერსპექტივას. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უკვე წლებია ოპოზიცია ფიქციურ გაერთიანებასაც ვერ ახერხებს - მიზეზი ერთია, "ოცნების" აზრით, მათი ოპონენტების ქმედებებს არა მათივე ნება, არამედ გარე ძალების კარნახი განსაზღვრავს.
"ახალმა" პოლიტიკური აქტივობა შეანელა, "ლელოს" პარტნიორები ტოვებენ, "ნაციონალურ მოძრაობის" პარტნიორებისთვის კი სააკაშვილის შეწყალებაზე უარის მთქმელ ზურაბიშვილთან ერთობა წამგებიანად მიაჩნიათ. ამ ფონზე, ოპოზიციის გაერთიანების რა რესურსი აქვს ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, უცნობია.