
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ პოსტში ვრცლად საუბრობს სხვადასხვა სახელმწიფოს ქმედებებზე და მათ "დიფ სთეითის" ნაკარნახევს უწოდებს. მმართველი პარტიის ლიდერი წერს იმასაც, რომ "დიფ სთეითი" რებრენდინგს განიცდის და მის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას უსურვებს დონალდ ტრამპს, თუმცა იქვე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტსაც, რომ ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ "დიფ სთეითის" დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს.
ე.წ. დიფ სთეითის და მისი გავლენების დამარცხება მმართველი პარტიისთვის ერთგვარი ტესტია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობები საბოლოოდ უნდა დასრულდეს და კონკრეტულ ძალებს სახეცვლილების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.
ოპოზიციის ნაწილი ვერ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების მიღმა, შესაძლოა კონკრეტული ინტერესი იდგეს, თუმცა ამავე დროს ამბობენ, რომ მსგავსი გზავნილები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა
ოპონენტების პოზიცია სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ, რადგან მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით ოპოზიციაც გარე ძალების დავალებებს ასრულებს.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვას პასუხი გასცა, თუმცა ბევრი მათგან ჯერ ისევ პასუხგაუცემელია. საფრთხეებიც ისევ არსებობს და მათ წინააღმდეგ რეაგირებაც აუცილებელია.