
27 აგვისტოს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და სხვა მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი ბენდი ამჯერად ქართველი მელომანების წინაშე წარსდგება.
Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით — „Walking on a Dream“ — გამოჩნდა და მსმენელთა გულები მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები: „Walking on a Dream“ და „We Are the People“ მათი წარმატების მხოლოდ დასაწყისი იყო; თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, „Empire of the Sun“ აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს წარმატებული პროექტების, „Pnau-სა“ და „The Sleepy Jackson-ის“ უკანაც იდგნენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი დისკოგრაფია ელექტრონული მუსიკის, როკისა და ელექტროპოპის გავლენას განიცდის. 3 წარმატებული ალბომის შემდეგ „Empire of the Sun“ შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით — „Ask That God“ — დაგვიბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო. ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან ბენდის პირველი შეხვედრა Front Stage-ზე, 27 აგვისტოს შედგება.
ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე პლატფორმა TKT.ge/EOTS დაიწყება. თუმცა, „Starring Georgia-ს“ მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ Pre Sale-ით და 1 დღით ადრე შეიძინოთ ბილეთები. თუ უკვე ფლობთ Starring Card-ს, 13 მარტს, 09:00 საათზე არ გამოტოვოთ სპეციალურად ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობა, შეიძინოთ ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტი „Starring Georgia“ გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კამპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი მუსიკოსების საკუთარ ქვეყანაში მოსმენა; განვავითაროთ ქვეყანაში ტურიზმი და გასართობი ინდუსტრია და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.
2025 წელს მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში საქართველო და გურიაა!