
"ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. ანტინარკოტიკული რეფორმა უკვე მომზადებულია და მისი ერთ-ერთი ინიციატორი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია.
რეფორმის თანახმად, რომელიც მალე კანონად იქცევა ნარკორეალიზატორებს მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდებათ. "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება, ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობ პირს კი მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთმევა და სახელმწიფოს გადაცემა.
ანტინარკოტიკული რეფორმა ცვილებებს ერთდროულად რამდენიმე კანონში ითვალისწინებს და ის მკაცრდება ნარკომომხმარებლების მიმართაც. უკვე პირველი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ასევე, ასეთ მოქალაქეებს ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხებზე ისაუბრა.
"მას შეთავაზება, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე, ან თავად ექნება უფლება, რვა საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა. თუ უარს განაცხადებთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გიდასტურდებათ ნარკომოხმარება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარი ნებით იღებთ ადმინისტრაციულ სახდელს, ოღონდ, ეს სახდელი იქნება იგივე, რაც იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება. მარიხუანას ეხება გამკაცრება გაყიდვის მიმართულებით.
გასაღება ითვლებოდა ყველანაირი სახის გადაცემა აქამდე, ჩვენ შემოვიტანეთ გაყიდვის ცნება. თუ იქნება შენიშვნა, შეგვიძლია, პირველი, მეორე მოსმენის დროსაც შევცვალოთ, ვთქვათ – მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით გადაცემა, შეიძლება ეს სხვა სიტყვებით იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ნიშნავს რეალიზაციას და გარკვეული თანხის მიღებას ანაზღაურების სანაცვლოდ. რა სიტყვით გამოვხატავთ, ამას არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. გასაღება ზოგადი, რაც ნიშნავს, რომ ვთქვათ, ნარკოტიკი ერთმა ადამიანმა მეორეს გადასცა, უბრალოდ აჩუქა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა მეგობრები ერთმანეთს გაუყოფენ ნარკოტიკს, ნარკომომხმარებლები და ა.შ. ესეც გასაღებაა, საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო ამაზე და ეს რჩება. მაგრამ თუ პირს დაუდასტურდება, რომ რეალიზებას ახდენს, ანუ ყიდის ნარკოტიკს, აქ სასჯელები კიდევ უფრო მკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი, იქნება 12-დან 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა, აღარ მაქვს საუბარი დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 14-დან და 16 წლიდან დაიწყება ასეთი სასჯელები. შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო. გაუთანაბრდება პრაქტიკულად სასჯელი მკვლელობას, რადგან მკვლელობის შემთხვევაში თუ ერთ ადამიანს კლავ, დროთა განმავლობაში განგრძობადად კლავ ბევრ ადამიანს, როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას ყიდი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.