
შეტაკებები სირიის გარდამავალ მთავრობასა და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრეებს შორის, ლატაკიის პროვინციაში, 6 მარტს დაიწყო. ასადის მომხრე ალავიტები თავს დაესხნენ ქალაქ ჯებლის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოს. რა დროსაც სამთავრობო ძალების 20-მდე სამხედრო დაიღუპა. მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ინციდენტის შემდეგ, რეგიონში დამატებითი ძალები გაიგზავნა, რასაც ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ყველაზე მასობრივი და სასტიკი სისხლისღვრა მოჰყვა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 1300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის კი 973 მშვიდობიანი მოქალაქე.
სირიელ მეამბოხეთა ლიდერი აჰმედ ალ შარაა, ასევე მოჰამად ალ ჯულანის სახელითაც არის ცნობილი. ის ისლამისტური დაჯგუფების "ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის" ხელმძღვანელია. ეს დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებში. მოჰამედ ალ შარაა სათავეში ედგა სირიის დიქტატორის წინააღმდეგ ამბოხებას. ასადის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ კი, სირიის ახალი პრეზიდენტი გახდა. სირიის მოქმედმა პრეზიდენტმა ლატაკიაში, იქ სადაც სისხლიანი შეტაკება დაიწყო, კომენდანტის საათი გამოაცხადა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ახლა ადგილზე ვითარების განმუხტვას ცდილობენ.
მოუწევს თუ არა გარდამავალი მთავრობის მეთაურს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ ძალის გამოყენება, უახლოეს დღეებში სირიაში განვითარებული მოვლენებით გაირკვევა. მნიშვნელოვანია როგორ გამოეხმაურება სირიის ქალაქებში მომხდარ სისხლიან შეტაკებებს საერთაშორისო საზოგადოება. ამ დრომდე ლატაკიაში, ტარტუსში, ჰომსსა და ალეპოში დატრიალებულ სისხლისღვრაზე ევროპა ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებს. მათ შორის დუმილია მათი მხრიდანაც, ვინც მოჰამედ ალ შარაას დამასკოში პირადად ეწვივნენ და მას სამართლიანობის აღდგენაში დახმარება აღუთქვეს. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველი დასავლელი დიპლომატები იყვნენ, რომლებიც რეჟიმის ცვლილების შემდეგ, სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დამასკოში მიიღო. სირიაში მიმდინარე მოვლებთან დაკავშირებით ევროპისგან განსხვავებით, ოფიციალური განცხადება დღეს შეერთებული შტატებიდან მოვისმინეთ.
სირიის ხელისუფლებაში მოსული რეჟიმის სასტიკ ქმედებებზე, დასავლეთის დუმილი მიუღებელია ქართველი ექსპერტებისთვის. მათი შეფასებით, სირიის ქუჩებში ასეულობით უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არ მოჰყოლია იმ კრიტიკის მცირე ნაწილიც კი, რითაც გამოირჩეოდნენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა პოლიტიკოსები თუ შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ევროპას ალავიტებისა და ქრისტიანების მიმართ ჩადენილი სისასტიკის დაგმობისა და გამოფხიზლებისკენ მოუწოდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გიდეონ საარის თქმით, დასავლეთმა რადიკალურად უნდა შეცვალოს მიდგომა სირიის ახალი ხელისუფლების მიმართ.