12 მარტი 2025,   11:51
ვრცლად
ტრამპის ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ - "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, გლობალური ძალების დასუსტების ნიშნები ჯერ არ ჩანს

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ "დიფ სთეითის" დამარცხების შემთხვევაში საქართველოს მიმართ კონკრეტული ქვეყნების უსამართლო მიდგომებიც შეიცვლება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაც გაუმჯობესდება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, გლობალური ძალების დასუსტების ნიშნები ჯერ არ ჩანს. პირიქით, ის ახლა მოდერნიზაციას განიცდის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცვლას, დონორი ორგანიზაციების ნაცვლად, დღეს უკვე ჩრდილოვან ძალებს დაქვემდებარებული სახელმწიფოების მთავრობები ცდილობენ, მაგალითად კი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებები მოჰყავთ.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კონკრეტული ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლად აკრიტიკებენ და არა "დიფ სთეითის" ინტერესის გამო. ოპოზიცია მმართველ გუნდს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში ადანაშაულებს, თუმცა იმავეს ვერ ამბობს დონალდ ტრამპზე.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსპირაციულად სწორედ ის გლობალური ძალები მოქმედებენ, რომელთაც ე.წ. რებრენდინგის შედეგად მეთოდები შეცვალეს, თუმცა არ შეცვალეს მიზნები - უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და კონკრეტული ძალებით ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობა.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ომის დასრულებამდე საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესები ისევ არსებობს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ხელისუფლებაზე თავდასხმების გააქტიურებაც.

"დიფ სთეითის" დემონტაჟი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. ამერიკის ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი განკარგულება, სწორედ სამთავრობო სტრუქტურებიდან ბიუროკრატების გათავისუფლებას ეხებოდა. შეძლებს თუ არა ტრამპი ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხებას? სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს მაგალითზე, შტატებთან თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება.

დღის ამბები