
კანონი განსაკუთრებით ე.წ. გამსაღებლების მიმართ მკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები ამბობენ, რომ მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. უმკაცრესი ზომები ამოქმედდება ე.წ. დამდებების მიმართაც. ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის თანახმად, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული თრობის დასადგენად ან გამოსარიცხად, სამართალდამცველი მოქალაქეს ნარკოტესტის ჩატარებას მხოლოდ კლინიკურად, ან ფიზიკურად გამოხატული საფუძვლით სთავაზობს. შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა თუ კონკრეტული პირი არც სამართალდამცველს გაჰყვება ნარკოტესტის ჩასატარებლად და არც თავად წარადგენს დასკვნას, ეს შემოწმებაზე თავის არიდებად ჩაითვლება და იგივე სანქცია დაუწესდება, რაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ ნებისმიერ პირს. ანტინარკოტიკული რეფორმის თანახმად, ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
საკანონმდებლო ორგანოში დაინიცირებულ ცვლილებებს ჯერ არ იცნობს ოპოზიცია, თუმცა წინასწარ ამბობენ, რომ კანონის გამკაცრება ნარკოდანაშაულის პრევენციას ვერ მოახდენს.
ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, სადაც ანტინარკოტიკული რეფორმის მიღების აუცილებლობას საზოგადოების დაკვეთით ხსნიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ტენდენცია მთელ მსოფლიოში გაიზარდა, საქართველო კი ამის საწინააღმდეგოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას იწყებს.
ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება, ამის შემდეგ კანონპროექტს ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი სესიაზე, მომავალ კვირას განიხილავენ. საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს.