
"ძლიერი საქართველოს" ერთი ჯგუფი, კოალიციურ პარტნიორთან, პოლიტიკურ გაყრას არ ადასტურებს. ლევან ცუცქირიძის მკაფიო გადაწყვეტილების მიუხედავად, ხაზარაძე-ჯაფარიძის გაერთიანების ცალკეული წევრები მაინც ამბობენ, რომ კოალიციის ფორმატში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საპირისპირო პოზიცია აქვს "ლელოს" წევრების მეორე ნაწილს, რომელიც არც ბრაზს მალავს და 8 თვის პარტნიორს, წასვლის გზებს უწუნებს.
"თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელმა კოალიციიდან გასვლაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. დღეს კი "კურიერთან" არც ის დამალა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესთან თანამშრომლობა, მხოლოდ საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად სჭირდებოდა და უკვე დამოუკიდებლად მუშაობა ურჩევნია. ვინ იქნება შემდეგი? - "ძლიერი საქართველო" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ანა დოლიძემაც დატოვოს, რასაც ჯერ არც თავად და არც კოალიციის სხვა წევრები ადასტურებენ.
გახარიას გუნდში, რომელთან თანამშრომლობაზეც "ლელომ" შეთანხმებას ვერ მიაღწია ამბობენ, რომ "ძლიერ საქართველოში" არსებული პრობლემები გუნდის სისუსტეზე მიუთითებს და ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კოალიციურ პარტნიორობაზე თავი განსხვავებული პოზიციების გამო შეიკავეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის გვარამია-მელიას გუნდის ალიანსს "დროასთან" და ზურაბ ჯაფარიძის გირჩთან. კოალიციაში საკუთარ გეგმებზე ღიად არ საუბრობენ. ერთადერთი პარტია ვინც დღეს პირდაპირ თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა უცვლელად გაგრძელდება "სტრატეგია აღმაშენებელია."
ოპოზიციის რღვევის პროცესი მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი არ არის. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები, "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია რომ ოპოზიციური კოალიციები პოლიტიკურ სვლებს მხოლოდ უცხოელი დამკვეთების სურვილისა და ინტერესების შესაბამისად აკეთებენ.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანი" პირველი და ჯერ ერთადერთია, ვინც "ძლიერ საქართველოსთან" კოალიციური თანამშრომლობა ოფიციალურად დაასრულა.