12 მარტი 2025,   11:47
ვრცლად
CMC ჭიათურის მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს - კომპანიის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ხელმძღვანელი პირები ჭიათურაში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობა და გადაწყვეტილება განიხილეს, რომელიც მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებას ეხება. მთავარ მიზეზად დასახელდა შუქრუთის მაღაროს პარალიზება, რის გამოც კომპანია მადნის 70%-ს ვეღარ მოიპოვებდა, ამ პერიოდში კი დასაქმებულებს ხელფასის 100% ბანკებიდან აღებული კრედიტებით ერიცხებოდათ, რამაც კრიზისში მყოფი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა უფრო დაამძიმა.

ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში, კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 83 მილიონ ლარამდე გასცა. ამავე შეხვედრაზე, საწარმოების ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია გერმანული ავტორიტეტული საკონსულტაციო ფირმის, "დი ემ თის" დასკვნის შესახებ, რომლითაც მტკიცდება, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც მთელი რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული.

კომპანია CMC-ს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" საწარმოების მართვა ერთი წლის წინ გადაეცა, მთავარი მიზანი კი იყო დანერგილიყო ახალი ტექნოლოგიები და შემცირებულიყო მადნის მოპოვების თვითღირებულება. თუმცა, მთელი რიგი პრობლემების გამო, კომპანიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. 7 მარტს CMC-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განმარტა, რომ მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

CMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თემურ ხონელია: "განვიხილეთ მიღებული გადაწყვეტილება, მისი გამომწვევი მიზეზები. საუბარია სამ ძირითად ფაქტორზე - დი ემ თის დასკვნაზე, შუქრუთის კრიზისზე და პროფკავშირების მიერ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სიმძიმეზე. ძირითადი მისია, რა მისიასაც ისახავდა CMC, გაეუმჯობესებინა და განვითარებაზე ორიენტირებული გაეხადა კომპანია, პრაქტიკულად, ჩავარდა შუქრუთის კრიზისის გამო. კომპანია, მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით, რისთვისაც, დაახლოებით, 20 მილიონ ლარამდე ინვესტირებას საჭიროებს."

CMC-ის ბიუჯეტისა და დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბესიკ ბრეგვაძე: "2019 წლიდან დაწყებული არაერთი გაფიცვის შემდეგ, ყოველთვის ხდებოდა ხელფასების ზრდა, მუშა-მოსამსახურეთა რიცხოვნობის ზრდა, ასევე, ნელ-ნელა ეცემოდა წარმოების მოცულობა, მცირდებოდა როგორც მანგანუმის მოპოვება, ასევე, მანგანუმის კონცენტრატის წარმოება. შესაბამისად, კომპანიას დანახარჯები ეზრდებოდა, ხოლო შემოსავალი, ცხადია, მცირდებოდა. ამასთან, 2024 წელს დაერთო შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი, რის გამოც მიწისქვეშა მოპოვების, დაახლოებით, 65% პარალიზებული იყო, მოპოვების სამუშაოები არ მიმდინარეობდა, თუმცა, 9 თვის განმავლობაში, კომპანიამ იქ დასაქმებულ 700-მდე ადამიანზე სრულად გასცა ხელფასი. დღეისათვის არსებული სახელფასო ანაზღაურებით, არსებული ხალხთა რიცხოვნობით, რენტაბელური ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი არ გამოდის."

დღის ამბები